“ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი, სიგარეტის გაძვირებაა” – ეროვნული ბანკის ანგარიში

“მიმდინარე წლის მარტიდან ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. ივნისში ინფლაციამ 4.3% შეადგინა. მისი მატების მთავარი მიზეზი, სიგარეტის გაძვირებაა, რაც ამ პროდუქტებზე წლის დასაწყისში აქციზის გადასახადის ზრდით არის გამოწვეული”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ივნისის ინფლაციის 4.3%-დან 1.3 პპ სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება. სიგარეტის ფაქტორის გამორიცხვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოსაა და მოსალოდნელია, რომ ამ ფაქტორის ამოწურვის შემდეგ, ინფლაცია დაუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს.

“საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, ივნისში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 1.4%-ს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის. დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა.

ივნისში სურსათის ინფლაციამ 6.8% შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მაღალი წონიდან (27.3%) გამომდინარე, მისი გავლენა ინფლაციაზე 1.8 პპ იყო. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და ივნისის წლიურ ინფლაციაში 0.5 პპ-იანი წვლილი შეიტანა.

ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ინფლაციას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ინფლაციაში. ივნისში საწვავის ფასი წლიურად 5.5%-ით იყო მომატებული, ხოლო მისი წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ-ს უდრიდა. გრძელდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაიაფების ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენცია. ამ ჯგუფის ფასები წინა წლის ივნისთან შედარებით საშუალოდ 6.9%-ით დაბალი იყო, ხოლო უარყოფითი წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.3 პპ-ით განისაზღვრა.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე, შესაბამისად, 4.1 და 4.9% შეადგინა. 2.9%-ით მოიმატა ფასებმა შერეულ საქონელზე”, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

მსგავსი თემები