,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს გაიმართება. პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
მოსამართლემ შემდეგი ოთხი სხდომის თარიღებიც გამოაცხადა. 14 აპრილი, 28 აპრილი, 8 და 16 მაისი. ყველა პროცესი 13:00 საათზე არის ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მზია ამაღლობელმა მოწმე პოლიციელი, თამარ კერესელიძე სიცრუეში დაადანაშაულა. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მოწმე თამარ კერესელიძე ცრუ ფაქტებზე საუბრობს.
არსებითი საქმის სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა თქვეს. მათ ასევე შუამდგომლობით მიმართეს, მოწმის სახით სამი პოლიციელის, მათ შორის აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკითხვის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.