„გერმანიამ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა იმ ქართველ პირებს, რომლებსაც ჩვენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობას ვანიჭებთ“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დასანქცირებული პირების ვინაობის გასაჯაროებას გერმანიაში მოქმედი პერსონალური მონაცემების დაცვის კანონები კრძალავს.
„საქართველოს 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა ეს სტატუსი საქართველოს მიანიჭა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს. თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველო, დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ასე რომ, თქვენ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება“, – აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.