პაპი ფრანცისკე პნევმონიის წინააღმდეგ 38-დღიანი ბრძოლის ერთ მომენტში იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, რომ მისი ექიმები მკურნალობის შეწყვეტას განიხილავდნენ, რათა პაპს მშვიდად განესვენა. ინფორმაციას Reuters პაპის სამედიცინო გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,28 თებერვალს პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გამწვავების შემდეგ, რეალური რისკი არსებობდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა. ჩვენ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, შევჩერებულიყავით და გაგვეშვა ის, ან წავსულიყავით წინ და გამოგვეყენებინა ყოველი მედიკამენტი ან თერაპია, რაც შესაძლო იყო, რაც პაპის სხვა ორგანოების დაზიანების უდიდეს რისკს შექმნიდა”, – თქვა რომის გემელის საავადმყოფოს ექიმმა, სერგიო ალფიერიმ იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან მიცემულ ინტერვიუში.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გზას გავყოლოდით”, – თქვა ექიმმა.
ცნობისთვის, პაპი რომის გემელის საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. პაპს ბრონქიტი ჰქონდა, რომელიც შემდგომ ორმაგ პნევმონიაში გადაიზარდა. პაპისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეს დაავადება, ვინაიდან მას ახალგაზრდობაში ფილტვის ნაწილი ამოჭრეს.
23 მარტს, საავადმყოფოდან ვატიკანში დაბრუნების შემდეგ, ფრანცისკე საჯაროდ პირველად გამოჩნდა და საავადმყოფოს აივნიდან ეზოში შეკრებილ ადამიანებს მიესალმა.