„ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ, გამოჯანმრთელდება” – ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაზე

„ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ, გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვარწმუნებს, მილევადი პროცესები ყოფილა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ლარის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სანამ ბანკთაშორის ბირჟა არსებობდა, ჩვენთან ვალუტა სტაბილური და პროგნოზირებადი იყო, მაგრამ როგორც კი „ბლუმბერგი“ გაჩნდა, მას შემდეგ დაიწყო რყევები და არასტაბილური კურსი.

“ანუ, დღეს  “ბლუმბერგზე” ვაჭრობენ და ამ ვაჭრობაში ბანკები არასდროს წაგებული არ არიან. მათი შემოსავალი კი, ასეთი სავალუტო ოპერაციებით, წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონია. გამოდის, რომ  ბანკები ამით უფრო მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე პირდაპირი საქმიანობით. ფიზიკური პირებისა და ბიზნესის დაკრედიტებას თუ განვასხვავებთ ერთმანეთისგან, ყველაზე დიდი წილი მოგება ბანკებისთვის, სავალუტო ოპერაციებზე, ჯარიმებსა და მომსახურების გადასახადებზე მოდის და არა პრაქტიკულად ბანკის ოპერაციებზე, რომლებიც წესით მეტი შემოსავალი უნდა იყოს. ამიტომ ვაცხადებ, რომ ბანკების მოგებების შემადგენელი ნაწილიც, ყოველთვის არის სპეკულაციური.

მაგალითისთვის: თუ გვეზრდება ლარის კურსი და მოსახლეობა ხელფასს იღებს ლარში, კრედიტები კი აღებულია დოლარში, ე.ი. დასახარჯად ფული არ რჩება. თანხები ყოფნის კრედიტის მოსამსახურებლად და რაღაც ელემენტარულის შესაძენად. შედეგად, მოსახლეობა ღარიბდება და ეკონომიკაც არ იზრდება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე გამოსავალს დოლარზე ნახევარპროცენტიანი ბრუნვის დაწესებაში ხედავს. მისი თქმით, ამით ლარის გაუფასურების სპეკულაციური ფაქტორიც მოისპობა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ქვეყანაში შექმილ ეკონომიკურ ვითარებას “საგარეო შოკის” მიერ გამოწვეული ეფექტი უწოდა.

მსგავსი თემები