“ხმას იმის მიხედვით მივცემ, რა უკეთებიათ მათ წარსულში, მოსამართლეთა დამტკიცება ხავერდოვნად არ ჩაივლის” – მირიან წიკლაური

პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ხმას სუფთა წარსულის მქონე კანდიდატს მისცემს.

კითხვაზე, რის მიხედვით მისცემთ ხმას კანდიდატებს, წიკლაური პასუხობს – “იმის მიხედვით, რა გაუკეთებიათ მათ წარსულში”.

“მხოლოდ და მხოლოდ ამით გადავწყვეტ, ვინაიდან, რას გააკეთებენ ისინი მომავალში, არ ვიცი. მაგრამ, წარსულში ჩადენილი საქმეებით შეიძლება მივხვდეთ, რას გააკეთებს ის მომავალში.

თუ შემხვდება ისეთი გვარები, რომლებიც ავად გაჟღერებულან წარსულში, დარწმუნებული ვარ, ასეთს ხმას არ მივცემ. მაგალითისთვის, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები „შეკერილი“ ბრალდებებით მოხვდნენ ციხეში”, – განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მირიან წიკლაურმა მეგობრებსაც მოუწოდა, არასახარბიელო წარსულის მქონე კანდიდატებს ხმა არ მისცენ.

„მთლად ასე, ხავერდოვნად, ეს პროცესი ნამდვილად არ ჩაივლის პარლამენტში. ამის გარანტიას გაძლევთ”, – დასძინა წიკლაურმა.

მსგავსი თემები