1873-1973 – წარწერა ხეკორძულას ქვის საფლავის ქვაზე, ქალაქ მცხეთის ცენტრში, ულამაზეს, ამწვანებულ, აყვავებულ მამულაშვილის სახლ-მუზეუმის ბაღშია „ჩაკარგული.“ საფლავი მიხეილ მამულაშვილს, პაპას ეკუთვნის, რომელმაც საკუთარ ბაღში დაიდო განსასვენებელი.
მიხეილ მამულაშვილი იყო მებაღე-დეკორატორი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რომელიც მცხეთაში დაიბადა. მას პატარობოდანვე იზიდავდა მცენარეები. ახალგაზრდობაში მან პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან ულამაზეს გვირგვინებს, კალათებს და ხელნაკეთ ნამუშევრებს სთავაზობდა დამთვალიერებლებს.
მის მიერ მცენარეებისგან დამზადებული მისალოცი ბარათები საუკეთესოდ ითვლებოდა, რომლებსაც ახლობლებს დღესასწაულებზე უგზავნიდა.
“ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია. ილიას გარდაცვალების შემდეგ, 20 წელიწადი, ყოველ გაზაფხულზე საგურამოში ბაღის მოსავლელად მიდიოდა. ამბობდა, სანამ პირში სული მიდგას, მის ბაღს ყვავილს არ მოვაკლებო… დიდი მამულიშვილი იყო, თავისი საკეთებელი ილიას დონეზე აკეთა” – ამონარიდი მიხეილ მამულაშვილის მოგონებებიდან.
მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენა მებაღე დეკორატორის დაბადების 150 – ე საიუბილეო წელს მოხერხდა. გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია აყვაბებული ხე-მცენარეები, მეცხრამეტე საუკუნის სახლის შემორჩენილი კარკასი, ორანჟერია, რომელიც მიხეილ მამულაშვილმა საკუთარი ხელით შექმნა და ის უნიკალური მცენარეები რომელიც თავად გამოჰყავდა. მუზეუმში კი დაცულია პირადი ნივთები, ბიბლიოთეკა, სამუშაო კაბინეტი, ქვანახშირის ბუხარი და სხვა ყველაფერი, რაც მიხეილ მამულაშვილს უკავშირდება.