“სოხუმის აეროპორტში ვერ განცხორციელდება საერთაშორისო ფრენები” – საგარეო უწყება

“ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყება რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედებასთან და საერთაშორისო ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარტები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, რუსულ მედიაში 26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტს URAS-ის საერთაშორისო კოდი მიანიჭეს. URAS-ის კოდი ენიჭებათ დსთ-ში მყოფ ქვეყნებს. კოდის მინიჭებით სოხუმის აეროპორტი დარეგისტრირდა როგორც როსტოვის საჰაერო ზონა.

მსგავსი თემები