“ამ პროცესს აზრი არ აქვს, ყველაფერი დაწერილია და მხოლოდ გაფორმება ხდება” – ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე

„ეს პროცესი, თავიდან ბოლომდე, არის ფარსი. პროცესი, რომელსაც არანაირი აზრი არ აქვს, რადგან უკვე ყველაფერი დაწერილია და ხდება უბრალოდ იმ პოზიციის გაფორმება, რაც თავიდანვე ჰქონდა იუსტიციის საბჭოში არსებულ კლანს“, – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, ძირითადად, ივანიშვილის „კლანთან“ არიან გარიგებული.

“რაც დღეს ხდება, დეკემბერში უკვე გააკეთეს ნაჩქარევად. გვთავაზობენ კლანის წარმომადგენლებს უზენაეს სასამართლოში. იმ კანდიდატებს, რომლებიც, ძირითადად, არიან ივანიშვილის კლანის გარიგების შედეგი. ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო, გამოვთქვამ წუხილს და საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ეს არ არის მართებული. არ არის სწორი, რომ ვინმემ სასამართლოს პერსონალურ შემადგენლობაში შეარჩიოს ადამიანი თავისი კერძო ხედვიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მოინდომოს და ჯიბეში ჩაიდოს სასამართლო. მთელი ეს პროცესი, სასამართლოსთან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეა მორგებული. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება წერტილი დაუსვას ქვეყანაში დამოუკიდებელ და სამართლიან მართლმსაჯულებას”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები