ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.

“ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს”- აცხადებენ უწყებაში.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქმე ეხება 14 მარტის ღამეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას.

მსგავსი თემები