“შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა კრიტიკულია“- ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატი ეუთო/ოდირის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, დასკვნა საკმაოდ კრიტიკულია.

„როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებს – ასახული უნდა იყოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკებში. შეზღუდვების განხილვისას, აღნიშნული უფლების სხვა უფლებებსა და ფართო საზოგადოებრივ ინტერესებთან შეპირისპირებისას, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მის ხელშეწყობას არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით.

ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო ცვლილება, როგორებიცაა სპონტანურ აქციებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეტყობინების ვალდებულების შემოღება, აქციების დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, ნიღბით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები უნდა იყოს გაუქმებული ან მთლიანად გადახედილი. ეუთო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არაპროპორციული სანქციები შესაძლოა თავისთავად იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დადგინდეს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა”- ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები