ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.
„მაგიდის გარშემო ყველას ესმის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი ამ შესაძლებლობას ყველა სახის მოთხოვნის წამოსაყენებლად გამოიყენებენ“ – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის ინიციატივას ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.
„რა თქმა უნდა, ახლა საუბარი დეტალების შესახებ არის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე დასკვნა მივიღეთ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით წინ სწრაფად უნდა წავიწიოთ. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.