იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტით გაიმიჯნება ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდება დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები.
სისხლის სამართლის კოდექსს, ასევე, ემატება 260² მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) და 45¹ (მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა) მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 5 წლის ვადით, ხოლო მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით.