“მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, “თიბისი ბაკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. 

როგორც გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართ ზეწოლას ახორციელებს. 

“ცალსახად მექმნება იმის განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. მგონია, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვის რა პერსონალური დამოკიდებულება აქვს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან. სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია ასეთი დემარში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში, ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. მგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც 2011 წელს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან,” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”

გედევან ფოფხაძე, ანაკლიის პორტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება აკისრებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს არ ეხება. 

“თუ უნდა მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლა, მოვიდეს ეს ადამიანი პოლიტიკაში და მერე გავარკვიოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის მას რა აქვს შესათავაზებელი და რამდენად პოზიტიური იქნება ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა. თუ არ აპირებს შემოსვლას, მაშინ ანაკლიის თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება ისედაც ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. თუ რამე იქ ისე ვერ წავიდა, როგორც საჭიროა, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა. ეს არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძის კერძო თემა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი და ამიტომ ხელისუფლება ძალიან თანამიმდევრული უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები