„სს კოდექსი პოლიტიკურ აფერისტობას რომ ითვალისწინებდეს, ოქრუაშვილზე ადეკვატური იქნებოდა“ – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს, ყველაზე მეტად პოლიტიკური აფერისტობის მუხლი შეესაბამება, თუმცა, ის, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არსებობს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მდიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„სისხლის სამართლის კოდექსში პოლიტიკური აფერისტობისთვის მუხლი რომ იყოს, ალბათ, ეს მუხლი ირაკლი ოქრუაშვილისთვის ადეკვატური იქნებოდა, მისი პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მგონია, რომ ხელისუფლება არ იქცევა ჯანმრთელად, როცა ოქრუაშვილის მიმართ იყენებს საპატიმრო გადაწყვეტილებას. თუ უნდათ ამ ადამიანის პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევა, ეს სხვა საკითხია. მაშინ ეს ძალიან ხელოვნურია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ 20 ივნისთან მიმართებაში სამართლიანობა უნდა დადგინდეს, ეს ჯერ პირველ რიგში ხელისუფლებასთან მიმართებაში უნდა იყოს”, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფოფხაძის შეფასებით, 20-21 ივნისის მოვლენების მიმართ ხელისუფლება არაადეკვატურად მოიქცა და პროცესები არასწორად წარიმართება. მისი განცხადებით, აქციაზე ბევრი არაადეკვატურად და არასწორად იქცეოდა, თუმცა, ძალადობა შობს ძალადობას და აგრესია – აგრესიას და ასეთ დროს, ძნელია, მტყუან-მართალი გაარჩიო.

მსგავსი თემები