ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება. განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის განცხადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტსა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობის დასრულებას. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ორივე მხარემ რამდენიმე წელი გულმოდგინედ იმუშავა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით.

ერევნისა და ბაქოს განცხადებები შეთანხმებაზე მუშაობის დასრულების შესახებ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მხარეთა კომპრომისების ხარჯზე ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია.

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მზად არის დამატებითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს, თუ მხარეები შესაბამისი თხოვნით მას მიმართავენ“, – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

 

მსგავსი თემები