ევროკავშირმა საქართველოში ბიზნეს კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე დეტალურადაა საუბარი. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ეხება, რომლის თანახმადაც ქვეყანამ 2023-2024 წლებში მნიშვნელოვანი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც სტაბილური ტრაექტორიით მას რეგიონულ ლიდერად აქცევს.
„ეკონომიკურად საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერია, ეკონომიკური ზრდა კი ბოლო წლებში სტაბილური. პასუხისმგებელი მაკროპოლიტიკა, გლობალური ინტეგრაციის გაძლიერება, ჯანსაღი ინვესტიციები, მიმზიდველი ბიზნეს გარემო, მმართველობის გაუმჯობესება და სახელმწიფო ხარჯების ზრდა საფუძვლად დაედო პროგრესს.
სოციალური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, სიღარიბის მაჩვენებელი 2022 წლის 47.7%-დან 2023 წელს 43.6%-მდე შემცირდა, ხოლო უმუშევრობა შემცირდა 13.7%-მდე – 2024 წლის შუა რიცხვებში სამუშაო ძალის მაღალი მონაწილეობის გამო.
ანგარიშის თანახმად, სტანდარტებსა და რეგულაციებში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია მარეგულირებელ სისტემასა და ინფრასტრუქტურაში, ამასთან, ქვეყანა ფოკუსირებული რჩება ბაზრის ზედამხედველობაზე, ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დიგიტალიზაციაზე.
აღსანიშნავია, რომ მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არსებითად გაიზარდა.
ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სამუშაო ძალის ზრდისა და ქვეყნის ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთგული რჩება. კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მომავლის ფორმირებაში და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას რეფორმების გატარების, უნარების განვითარებისა და სავაჭრო შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ევროკავშირი ურყევად გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ეკონომიკურ მისწრაფებს“, – წერს „ევროკავშირი საქართველოში“.