არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია, ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
არგენტინის უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ძალადობრივად იქცევა, არღვევს უსაფრთხოებას, მოძრაობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ფეხბურთის სტადიონებზე შესვლას უკრძალავს. ეს ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც პენსიონერების აქციას შეუერთდნენ და პოლიციასთან დაპირისპირებაში ჩაერთნენ, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ უფლება, თავიანთი გუნდის თამაშებს დაესწრონ.