,,დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა, განვიზრახე მომეკლა” – ბექა ჯაიანი ჩვენებაში

,,კესარიამ მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა. განვიზრახე, მომეკლა”, – ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.

პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პარალელურად კი, მონიტორზე მტკიცებულებებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებას ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჰყავს ჩაწერილი, სადაც ის მკვლელობას აღიარებს, ამასთან დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს:

„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი. ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე, დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე“, – აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები