“ბიძინა ივანიშვილო, შენ აუცილებლად წახვალ იქ, სადაც დღეს ზის ირაკლი ოქრუაშვილი” – გურამ ჩალაგაშვილი

“ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და აქციის ყველა მონაწილე, ვინც 20 ივნისის საქმეზე დააკავეს, პოლიტპატიმარია”, – ამ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები აკეთებენ.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მიერ დაწერილი გეგმის შესრულებას აპირებს, რომლის უფლებაც საქართველოს მოსახლეობამ მას არ უნდა მისცეს.

„ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. ეს ადამიანები არიან უკვე პოლიტპატიმრები. ყველანი, მარტო ირაკლი ოქრუაშვილი არა და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რა ელოდება ამ ქვეყანას – ჯერ რეპრესიები და მერე ქვეყნის ჩაბარება რუსეთს. “რუსთავი 2”-ის საკითხი უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას, პორტის საკითხი – ეკონომიკურსა და უსაფრთხოების საკითხებს. პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიები კი იმას მიანიშნებს, რომ წინააღმდეგობა აღარ იყოს ქვეყანაში,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მძიმე დღეშია და მას ქართველი ხალხი და დასავლური სამყარო უპირისპირდება. 

„მას აქვს სისხლიანი საშემოდგომო გამოყოლილი პუტინის მხრიდან. საბოლოო ჯამში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე, ბიძინა ივანიშვილის ოპონენტი უკვე გახდება ქართველი ხალხი“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების შემდეგ, მისი თანაგუნდელები დღეს საგანგებოდ შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ხვალიდან, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს იწყებენ და პირობას დებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ჩადენილი დანაშაულისთვის, პასუხს აგებს.

„ხვალ დილიდან ვიწყებთ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახალხო დამცველთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც შეუძლია ამოიღოს ხმა და თქვას, რომ ის ყველაფერი, რაც მოხდა გუშინ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების შედეგი, რომ ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი და მივიღებთ ყველანაირ ზომას, ავაწრიალებთ მთელ მსოფლიოს.

ბიძინა ივანიშვილო, ჩემს უკან, “რუსთავი 2”-ის კოლექტივის უკან, იმ ადამიანების უკან, რომლებსაც შენ 20 ივნისს თვალები დათხარე, იმ ასი ათასობით მაყურებლის უკან, რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებენ, დგანან ჩვენი შვილები, ის მაგარი შვილები, რომლებსაც არ უნდათ დღევანდელ საქართველოში ცხოვრება, რომელსაც შენ მართავ, რომლებსაც არ უნდათ იცხოვრონ საბჭოთა საქართველოში. გაძლევ პირობას, რომ ჩვენი შვილები აუცილებლად იცხოვრებენ გამარჯვებულ საქართველოში და შენ აუცილებლად წახვალ იქ, სადაც დღეს ზის ირაკლი ოქრუაშვილი,“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, გურამ ჩალაგაშვილი. 

მსგავსი თემები