“ამ საქმის დაკავშირება პოსტ-ფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან, სპეკულაციურია” – თალაკვაძე ხაზარაძეზე

“ფაქტია, რომ იყო საბანკო ტრანზაქციები, რომლებმაც კითხვები გააჩინა. ამ საქმის დაკავშირება პოსტ-ფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან, სპეკულაციურია. ოპოზიცია ამ ამბავს ხან ბატონი ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს, ხან ანაკლიას, ვფიქრობ, ეს არათანმიმდევრულია”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ არაფერი მოუსმენია.

ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა აღარავის აქვს, ვინაიდან ორასამდე პარტიაა რეგისტრირებული და 20-ზე მეტი თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობს.

მისივე შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა მეტ საჯაროობასა და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს, თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს, სჯობს, მასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხვები დროულად ამოიწუროს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქმის გონივრულ ვადებში ამოწურვა შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესებში.

“ეს საქმე ვინმეს პოლიტიკური ზეწოლისთვის რომ სჭირდებოდეს, მაშინ ამ ადამიანებს რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებდა და საქმეს ბოლომდე აღარ მიიყვანდა, თაროზე შემოდებდა.”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები