კრწანისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

კრწანისში, საიათნოვას 13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ფუძე-საძირკვლის გამაგრების სამუშაოები უკვე ჩატარდა, მოეწყო სეისმური სარტყელი, მოჩარჩოვდა სარკმელები და საყრდენი კედლები. ამ დროისთვის, შენობის გამაგრების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც ფასადის, აივნების რესტავრაციას, ასევე, ეზოს ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებას გულისხმობს.

“სამუშაოები ითვალისწინებს ფლიგელის დაზიანებული დეტალების მოხსნასა და აღდგენას, რის შემდეგაც, მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი პირვანდელი იერსახით აღდგება და შენობის ავთენტურობა სრულად შენარჩუნდება”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას რაიონის გამგეობა 328 934 ლარით აფინანსებს.

გამაგრების სამუშაოებს შპს „გრანიტი“ ახორციელებს და მერიის ცნობით, პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.

მსგავსი თემები