„ღმერთების ადგილი,“ სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე – ტიბეტი (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქი ლჰასა ტიბეტის დედაქალქია და „ღმერთების ადგილსაც“ უწოდებენ. ჯოხანგის მონასტერი “ლჰასას გულად”  ითვლება და ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. საოცარია როგორც მისი ექსტერიერი, ისე ინტერიერი, ფერები, ფიგურები, ორნამენტები, დეტალები, რომელიც კონკრეტული დიდი ისტორიის მატარებელია.

უამრავი ხალხი ჩადის ლჰსაში ამ საოცრების სანახავად. პირველი, რაც თვალში გხვდებათ და ყურადღებას იპყრობს, სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ხალხია, რომლებიც მონასტრამდე ხოხვით მიდიან და სპეციალურ რიტუალს ასრულებენ. მათ სჯერათ, რომ ეს დიდებული და წმინდა ადგილია.

სწორედ ამ სანახაობამ გამაკვირვა ყველაზე მეტად. ტაძრამდე მისასვლელი მოედანი სავსეა მომლოცველებით, რომლებიც ქვაფენილზე წვანან, ლოცვებს ასრულებენ და ხოხვით მიდიან მონასტრამდე. ეს არის საოცარი სანახავი. ყოველ ნაბიჯზე ეს სცენაა. წარმოიდგინეთ, რომ მშობლიური ქალაქიდან ასობით კილომეტრს გადიან, რომ ტაძრამდე მიაღწიონ. თვეებს და წელიწადსაც კი ანდომებენ, რომ ამ წმინდა ადგილას მოხვდნენ და ის მადლი მიიღონ, რასაც მათი რწმენა კარნახობთ.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ზოგი მომლოცველი ბოლომდე ვერც კი აღწევს. ასეთ დროს კი, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ოჯახის ახლობელი გარდაცვლილა ერთ კბილს ამოაძრობს და ტაძრამდე მიაქვს ამ დაუსრულებელი მოგზაურობის დასასრულებლად. მათი რწმენით, თუ სხეული ვერ აღწევს მიზნამდე, სული მაინც მიდის.

რაც შეეხება თავად ჯოხანგის ტაძარს, მთავარი ნაგებობა ოთხსართულიანია. ლჰასას ცენტრში შენობები არ შეიძლება იყოს ოთხ სართულზე მაღალი. ეს საშუალებას აძლევს ყველას, დაინახოს ჯოხანგის ოქროს სახურავი ძველი ქალაქის ყველა სხვა შენობის სახურავიდან. ჯოხანგი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული.

ჯოხანგი შედგება ტიბეტური ბუდისტური ტაძრის, მისი ტაძრების კომპლექსისა და სკოლის მონასტრისგან.

ჯოხანგის ტაძრის ექსტერიერში წარმოდგენილია ნეპალური ელემენტებისა და ტანგის მახასიათებლების ბრწყინვალე კომბინაცია. ერთი ფაქტი, რომელიც განასხვავებს მას ყველა სხვა ტაძრებისგან, არის მისი აღმოსავლეთ-დასავლეთის ორიენტაცია, ნეპალისკენ, რომელიც, როგორც ამბობენ, ნეპალის პრინცესას პატივსაცემად არის.

ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი ქანდაკება 2500 წელზე მეტი ხნისაა და ის თავად ბუდამ აკურთხა.

ჯოხანგის ტაძარი აშენდა ოთანგის ტბაზე. ლეგენდის თანახმად, ათასობით თხა მიწას ატარებდა ტბის შესავსებად. დღემდე ზოგიერთს ესმის წყლის ხმები.

კულტურული რევოლუციის დროს ჯოხანგის ინტერიერი ძლიერ დაზიანდა და ბევრი არტეფაქტი მოიპარეს. ტაძარი მოგვიანებით ისევ აღადგინეს.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიას, აქ ყველა სეზონზე ტურისტების ბუმია.  მთავარ მოედანზე უამრავ საინტერესო სანახაობას ნახავთ, რითაც სრული სურათი იქმნება ამ დიდებული რეგიონის შესახებ. ჩამწკრივებულ პატარ-პატარა მაღაზიებში თვალს ვერ მოაშორებთ ტიბეტურ სუვენირებს, ბუნებრივ ძვირფას ქვებს, სამკაულებს, ეროვნულ სამოსს. ეს მართლაც „ღმერთების ადგილია“, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე.

ეკა გულუა ტიბეტიდან

მსგავსი თემები