„სვანეთი ჰიდრო“ სვანეთში სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

  •  

„სვანეთი ჰიდრო“ სვანეთში სტიქიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნავს, რომ წყალმოვარდნისას, „მესტიაჭალა 1“ ჰესმა დამცავი ფუნქცია შეასრულა, „მესტიაჭალა 2“-ს კი სტიქია არ შეხებია.

„ძლიერი სტიქიის შედეგად მესტიაში მდინარე მესტიაჭალას ადიდებას უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოყვა. სტიქიის პირველი დარტყმა 20 მგვტ-ის სიმძლავრის „მესტიაჭალა 1“ ჰესის ინფრასტრუქტურამ მიიღო. ჰესმა მოვარდნილი ნაკადი შეაჩერა, რითაც დასახლებული პუნქტისათვის საფრთხე იქნა აცილებული. „მესტიაჭალა 1“ დაბა მესტიიდან რვა კილომეტრში მდებარეობს.

რაც შეეხება „მესტიაჭალა 2“-ს, ისევე, როგორც მიმდებარე დასახლებას, სტიქია პრაქტიკულად არ შეხებია და მცირედი დაზიანების ლიკვიდაციის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 2“ უშუალოდ დაბა მესტიასთან მდებარეობს.

სტიქიამ ძირითადად მესტიაჭალას ხეობა და ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“-ის ნაგებობები დააზიანა. ამ ეტაპზე, პირველადი დათვალიერებით ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი შენარჩუნებულია. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაიწყებენ „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის ინფრასტრუქტურაზე გაწმენდით სამუშაოებს და ზიანის დადგენას“, -აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი თემები