ტყავზე მუშაობა, მინანქარი, ტანსაცმლის კონსტრუირება, ფოტოგრაფია #16, დაბალი რისკის პენი​ტენციურ დაწესებულებაში

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებით, #16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მსჯავრდებულების მიერ სწავლების პროცესში შესრულებული ხელნაკეთი ნივთები და, ასევე, სასწავლო პროცესის ფარგლებში გადაღებული ფოტოები

„მსჯავრდებულისათვის ძალიან მნიშვნელოვანია განთავისუფლების შემდეგ რას გააკეთებს. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა. აქ რამდენიმე ხელობას დავეუფლე და საქმიანობას დღესაც ვაგრძელებ. ტყავის სხვადასხვა აქსესუარებს ვქმნი და რეალიზებას გარეთ ვახდენ. მე მინდა გათავისუფლების შემდეგაც გავაგრძელო მუშაობა“, – ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებული ლ.ფ.

ცენტრმა „აფხაზეთი“, აქტივობები #16 დაწესებულებაში 2017 წლის მაისში დაიწყო. ამ ხნის მანძილზე მოხდა ოთხი სხვადასხვა ხელობის ჯგუფის – ტყავზე მუშაობა, მინანქარი, ტანსაცმლის კონსტრუირება, ფოტოგრაფია – იმპლემენტაცია. გარდა აღნიშნულისა, მონაწილეები ჩართულები იყვნენ სოციალური უნარების ტრენინგებში, რომელიც 4 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-მოდულს მოიცავდა.

#16 დაწესებულებაში, პროექტში მონაწილეობა 60-ზე მეტმა მსჯავრდებულმა მიიღო. 

თეა კაჭარავა კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან 2010 წლიდან მუშაობს. მისი შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მხარდამჭერი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობის გაძლიერება.

„#16 დაწესებულებაში ცენტრი „აფხაზეთი“ 2 წელზე მეტია ვმუშაობთ. პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით მონაწილეებმა ოთხი სხვადასხვა ხელობა აითვისეს, რაც, მათ მომავალში საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად შეიმუშაონ და შექმნან სხვადასხვა აქსესუარები და ნივთები. აქ მიღებული გამოცდილება მსჯავრდებულებს დაეხმარება გათავისუფლების შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტირებაში და ისინი მეტად მომზადებული შეხვდებიან ახალ ცხოვრებას”.

პროექტის – „განათლება რეინტეგრაციისათვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” – მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. პროექტს ახორციელებენ ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა დადებითად აფასებს სახელმწიფოს მიდგომას პენიტენციურ დაწესებულებებში. მისი აზრით, საქართველოში პენიტენციური დაწესებულება ორიენტირებულია არა როგორც დასჯის, არამედ როგორც რესოციალიზაციის ინსტრუმენტი. „ჩვენთვის საინტერესო იყო დაწესებულებაში მუშაობა. ჩვენ პროექტის მონაწილეებს მივეცით საშუალება, შეეძინათ ის უნარები, რომელიც მათ გამოადგებათ გარეთ და ეს ბაზრის მოთხოვნებზეა დაფუძნებული. მათ შეეძლებათ დასაქმება იმისთვის, რომ შექმნან ეკონომიკური სიძლიერე და განავითარონ თავიანთი ოჯახები.“

პროექტი 2020 წელს დასრულდება. შედეგად კი 300 მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი სხვადასხვა სახის სარგებელს მიიღებს. ეს არის სოციალური უნარების ტრენინგები, პროფესიული სტაჟირება, ხელობის შესწავლა, ფინანსური მხარდაჭერა მატერიალური სახით ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. 

მსგავსი თემები