პროკურატურა გირაოს გარდა, ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და ზურაბ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონლარიან გირაოსთან ერთად, საქართველოს საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვას მოითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა.

„გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულზე, ანუ ჯაფარიძეზეც და ხაზარაძეზეც, ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლების, რა საფუძვლებიც ჩვენ სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი, შესაბამისად, ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის იქნებოდა შემაკავებელი ხასიათის იმ აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები