“უკრაინელ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცხადებს, რომ ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკის მხარდაჭერა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის.

როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა – „მშვიდობა არ არის ომის არ არსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შეთანხმების ხელმოწერაზე.

„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა“ – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.

მსგავსი თემები