კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე ექიმს 12 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო, რითაც  ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესი ბრალდებულის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა, მან პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

მსგავსი თემები