21 წლის მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ – ექიმმა და ექსპერტმა მისცეს. ასევე, გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს.

მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მსგავსი თემები