“დაკავებები გაგრძელდება, ვინც პოლიციელებს გააფრთებული ურტყამდა ყველა უნდა დაისაჯოს” – სიმონ ნოზაძე

დეპუტატ სიმონ ნოზაძის განცხადებით, ის, რაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. დეპუტატის შეფასებით, დაკავებები გაგრძელდება, რადგანაც, ვიდეო კადრებში ყველაფერი ნათლად ჩანს.

“დაკავებები გაგრძელდება. ის კადრები რომლებიც არსებობს და პრაქტიკულად ყველა ტელევიზია იღებდა, აშკარად მიუთითებს ამ დარღვევების შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, დამნაშავეთა ამოცნობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გააფთრებულები რომ ურტყამენ პოლიციელებს, მუდმივად ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებენ, ბუნებრივია, ისინი უნდა დაისაჯონ” – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატის განცხადებით, პარლამენტის წინ აღშფოთებული ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი იქ პოლიციელებისთვის ფარის წასართმევად არ მისულან და ისინი არ ძალადობდნენ.

“რა თქმა უნდა, პარლამენტის წინ იყვნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, თინეიჯერები, მაგრამ ისინი არ არიან მზად იმისათვის, რომ ფარი წაართვან პოლიციელს, სპეცრაზმელს, ან მასაში “შეითრიონ” და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ. ეს მხოლოდ სათანადოდ მომზადებულ ადამიანებს შეუძლიათ. აშკარაა, რომ ვინც პოლიციელებს ურტყამდა, თვითონ დარტყმის მანერა, როდესაც მუშტს ურტყამენ, ეს არის ისინი სათანადოდ მომზადებულებიც იყვნენ. ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთება გამოიყენა იმ პატარა ჯგუფმა საკუთარი ინტერესებისთვის, რომ ძალადობრივი გზით შეეღწიათ პარლამენტში და გამოეცხადებინათ, რომ მათ ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში. ეს იყო ვა-ბანკზე წასვლა “ნაც. მოძრაობისა”, რომლის დამგეგმავები იცით, სადაც არიან – მიხეილ სააკაშვილი და ბიძა, ბატონი ალასანია” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

დეპუტატის შეფასებით, “გავრილოვის ფაქტმა” რომ ახალგაზრდები აღაშფოთა ეს კარგია და მომავალი საქართველო სწორედაც რომ მათია: “მთელ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი იყო 21 ივნისის მიტინგი, როდესაც 15 ათასამდე ახალგაზრდა მოვიდა და სკანდირებდა “საქართველოს”. მე ასეთი ახალგაზრდებისთვის მინდა პოლიტიკური მომავალი და ასპარეზი. მომავალი საქართველოს მე ამ ახალგაზრდებს ვუკავშირებ”.

მსგავსი თემები