რას აცხადებს ჩინეთი, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებაზე ზელენსკის გარეშე?!

უკრაინის თემასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ხვდებიან. რუსეთს სერგეი ლავროვი წარმოადგენს, შტატებს კი მარკო რუბიო. შეხვედრაზე არ მიუწვევიათ უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის განცხადებით, ის არ მიიღებს არანაირ შედეგს უკრაინული მხარის ჩართულობის გარეშე. აღნიშნულ მოლაპარაკებაზე პოზიციებს აფიქსირებენ ევროპაშიც, კერძოდ, ევროპელი ლიდერები, პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე შეშფოთებას გამოხატავენ, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებებს მიღმა დარჩა.

ერთ-ერთი, ვინც არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებებში ჩართვასა და კონფლიქტური ვითარების განმუხტვისკენ, იყო ჩინეთი. როგორც ამჯერად ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, პოზიტიურია, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო და იმედს გამოთქვამენ, რომ საჭირო დროს, ამ პროცესში ყველა მხარე ჩაერთვება.

„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ჩინეთს მიაჩნია, რომ დიალოგი და მოლაპარაკება ერთადერთი ეფექტური გამოსავალია კრიზისიდან და მზად არის, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ მშვიდობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, მათ შორის იმას, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ აშშ და რუსეთი. ამავდროულად, იმედი გვაქვს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში და ეს მოხდება  შესაბამის დროს“ – ასეთია ჩინეთის საგარეო უწყების პოზიცია.

 

მსგავსი თემები