,,პანდემიამდე პერიოდში, 2009-2010 წლებში გრიპის პანდემიიდან დაწყებული, 2019 წლამდე გრიპით გარდაცვალების შემთხვევა საქართველოში ყოველთვის ფიქსირდებოდა. გრიპით გარდაცვალება ყოველთვის ფიქსირდებოდა და ეს არ არის მოულოდნელი და უჩვეულო გრიპისათვის”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პროფესორის შეფასებით, ვირუსი რისკ ჯგუფებისთვის სახიფათოა და გარდაცვალებითაც სრულდება.
,,გრიპი, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მიმდინარეობს გართულებებით, ხშირია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც. გრიპის ვირუსი საშიშის და ამიტომ არის ძირითადი აქცენტი გაკეთებული დროულ პრევენციასა და მკურნალობაზე. სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ფიქსირდება. განსაკუთრებით, ეს შემთხვევები მატულობს ზამთრის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატების პიკზე. თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს გადავხედავთ, ნათელია, რომ დეკემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული, სადღაც 7 კვირა, გრიპი საქართველოში დომინანტური ვირუსია. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის გრიპის ვირუსი იკავებს პირველ ადგილს” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც ივანე ჩხაიძემ განაცხადა, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, როგორც A ისე B ტიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე და უმადობა. სწორედ, ეს განასხვავებს გრიპის ვირუსს სხვა ტიპის ვირუსებისაგან.