“კალაძეზე ოქრუაშვილის განცხადება დათა თუთაშხიას მახსენებს” – გია ვოლსკი

“კახა კალაძეზე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივე, ოღონდ პირიქითო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ, ან პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება, ან “ნაციონალური მოძრაობის” ვალი აქვს.

„კახა კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა, ან „მარსიანელები“ ჩამოიყვანესო. ამ საკითხებს სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. ეს ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილს სჭირდება ან იმისთვის, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა თავის დამკვიდრება და კითხვებისგან თავის არიდება, ან რაღაც დიდი ვალი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც დაიჭირა, უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, ვერ გეტყვით. ბევრი განცხადება გააკეთა როგორც თვითაღიარების, ასევე თვითლუსტრაციის.

ოქრუაშვილი საუბრობს, რომ „რეკეტის“ სისტემა ჰქონდა აწყობილი და სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა „რუსთავი 2“ ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ესეც დასამტკიცებელია, რაც არ უნდა, თვითლუსტრაცია იყოს. პროკურატურის ნაცვლად, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2016 წელს, მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.

მსგავსი თემები