ჯვრის მონასტერში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტის გამო, საქართველოს საპატრიარქო გაცხადებას ავრცელებს და რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, – მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია. შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“ – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
რაც შეეხება ფაქტს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
მღვდელმსახურების თქმით, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის დაზიანება ქვეყნის შეურაცხყოფაა.
„ფაქტი თავისთავად ვანდალურია და გარკვეულწილად ადრეც მომხდარა. კულტურის ძეგლთა დაცვიდან იყვნენ მოსულები და რეაგირება ჰქონდათ. არ ვიცი ვინ არის და ხომ უდევს, ცეკვავს თუ რაღაც. წარწერები მომატებული აქვს, ადრე რაც იყო იმასთან შედარებით მეტი წარწერაა. მიზანი ერთია – მარტო ტაძრის არა, ეს მთლიანად ქვეყნის და ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფაა“, – განაცხადა ბერმონაზონმა დანიელმა.