“მწვანე ეკონომიკის სკოლა” – ახალი სტუდენტური პროგრამა

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის, „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს, საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად. 

“პილოტირებისთვის, წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება” – განაცხადა CENN-ის დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ.

მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად და „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მხარდასაჭერად, CENN-თან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და უნივერსიტეტებმა  მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პროგრამა ინიცირებულია პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით. 

მსგავსი თემები