„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეეწინააღმდეგება თუ არა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
,,ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა”, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია. კერძოდ, მისი თქმით, აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.