„ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონებათ და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს – ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით.
„საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, გააგრძელებს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ იმით, რა მოეწონება და რა არა ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა იქნება მმართველი გუნდის შემხვედრი ნაბიჯი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან მიმართებაში, თბილისის მერი პასუხობს, რომ მმართველი გუნდი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„ქართული ოცნების“ შემხვედრი ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.