ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი იმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. 9 ადამიანის მიმართ საქმე ადმინისტრაციული წარმოებით აღიძრა.
განსასჯელის სკამზე სხედან:
გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
მათ 26 იანვარს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრება გამართეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ან 60 დღემდე პატიმრობას.