აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ღაზის შეძენას აპირებს. მისი თქმით, ღაზა ამჟამად სრულად განადგურებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე.
„ღაზა ნანგრევებადაა ქცეული. ყველაფერი დანგრეულია. ამ შენობებში ახლა ცხოვრება შეუძლებელია, ისინი ძალიან სახიფათოა. მაგრამ ჩვენ ამ ადგილს მომავალი განვითარებისთვის კარგ ტერიტორიად ვაქცევთ. სხვა ქვეყნებს მივცემთ უფლებას, განავითარონ მისი ნაწილები. ის მშვენიერი გახდება. ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ იქ ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ვიზრუნებთ პალესტინელებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ იცხოვრონ მშვენივრად, ჰარმონიულად და მშვიდობიანად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, შეეძლებათ თუ არა პალესტინელებს აშშ-ში ჩასვლა, ტრამპმა უპასუხა: „უნდა განვიხილო. ვფიქრობ, ეს მათთვის ძალიან შორი მანძილია, მაგრამ უნდა განვიხილო ინდივიდუალური შემთხვევები. შორს იქნებიან თავიანთი ოჯახებისგან, მეგობრებისგან და ყველაფრისგან. ვფიქრობ, ისინი უფრო ბედნიერები იქნებიან, თუ დარჩებიან ზოგად არეალში. უსაფრთხო ადგილას, სადაც შეძლებენ უსაფრთხოდ ყოფნას. ჩვენ უკვე ბევრი ადამიანი მივიღეთ.
აშშ-ი პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეგვიპტე, იორდანია და განსაკუთრებით საუდის არაბეთი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გააჩნია, ჩაერთვებიან პალესტინელი ხალხის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესში.
ტრამპმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ჰამასი“ რეგიონში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან ეს კვლავ საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.