1000 წლის ჩინური სოფელი იუხუ (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქების და პროვინციების პარალელურად,  უნიკალური და საინტერესოა ჩინური სოფლებიც. ერთ-ერთი ასეთი სოფელია იუხუ,  პატარა, ნასის სოფელი „ძადეს დრაკონის“ თოვლის მთის ფერდობებზე, ლიძიანგში, იუნნანის პროვინციაში.   სოფლიდან არც თუ ისე შორს, მდებარეობს ძატეს ტბა, საიდანაც წარმოიშვა სოფლის სახელწოდებაც.

როგორც ფოტოებშიც ჩანს, სოფელი არის მთაში მოქცეული, ულამაზესი „ძატეს დრაკონის“ თოვლიანი მწვერვალებით. ეს სახელი კი მთას იმიტომ ჰქვია, რომ ფორმით ნამდვილად დრაკონს გჰავს. ეროვნულ სამოსში ჩაცმული ადგილობრვები, სუფთა ჰაერი, ჟანგბადი, ნატურალური პროდუქტები, მცენარეები, ულამაზესი პეიზაჟი – ნამდვილი სამოთხე.

ადგილობრივი ნასის ხალხი ქვის და ხის სახლებში ცხოვრობს. სოფელი იუხუ ათას წელზე მეტი ხნისაა და ადგილობრივი  მცხოვრებლების  სახლების სწორედ უძველეს  სტილს და არქიტექტირას ინარჩუნებს.

სახლების საძირკველი და კედლები უმეტესად  მოლურჯო-ნაცრისფერი ქვებითაა აგებული, სახურავი კი მოპირკეთებულია ლურჯი-ნაცრისფერი კრამიტით, კარ-ფანჯარა ყველგან  ხისაა. სოფლის გზაც ბუნებრივი ქვებითაა მოკირწყლული.

ტრადიციის  მიხედვით, ადგილობრივი, ნასის ხალხი სახლის ქედზე თევზს კიდებს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხუთ სტიქიიდან თევზი წარმოადგენს ერთ-ერთს – წყალს და წყალი არ არის თავსებადი ცეცხლთან. სახლების ქედებზე თევზის ჩამოკიდება იმის სიმბოლოა, რომ ხის სახლებს ცეცხლი არ გაუჩნდება.

იუჭუ ცინგთიენ – ეს არის ყველაზე ღირებული ადგილი სოფელ იუხუს მახლობლად ძატე დრაკონის თოვლის მთის მოსანახულებლად. აქ   ქვის კლდეზე, მიწიდან დაახლოებით 30 მეტრზე, ამოტვიფრულია ჩინური სიმბოლოები  „იუჭუ ცინგთიენ“

(Yuzhu Qingtian). როგორც ამბობენ, ეს პერსონაჟი  ლიძიანგის ჩინოვნიკმა ამოატვიფრინა ცინგის დინასტიის დროს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სოფელი-მუზეუმი არაერთი თვალსაჩინოებით, ულამაზესი ეზოებით, რომელიც მრავალფეროვანი ხე-მცენარეებითაა დაფარული. თითქმის ყველას ჰყავს ცხენი, რომლითაც ტურისტებს ემსახურბიან და მთაზე აჰყავთ. ადგილობრივების ძირითადი შემოსავალი სწორედ ტურიზმის სექტორია.

 

ეკა გულუა, ჩინეთიდან

მსგავსი თემები