“არ ვფიქრობ, რომ პროკურატურა იდეალურია, მაგრამ ნდობის ხარისხით რეიტინგებში აღარ არის უკანასკნელ რიგებში” – შალვა თადუმაძე

“არ ვფიქრობ, რომ დღეს პროკურატურა იდეალურია, მაგრამ ნდობის ხარისხით რეიტინგებში აღარ არის უკანასკნელ რიგებში,” – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საგამოძიებო უწყებას საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

„საქართველოს პროკურატურაში მივედი იმ დროს, როდესაც საქართველოს პროკურატურას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა საზოგადოებრივი ნდობის ხარისხის მიხედვით. შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურაში მივედი მარტო, არ მიმიყვანია ჩემი გუნდი და იმ გუნდით, რომელიც იქ დამხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და დიდი რესურსი გააჩნია, ერთი წლის მანძილზე შევძელი, პროკურატურა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, დღეს პროკურატურა არ არის იდეალური, მაგრამ რეიტინგების მიხედვით, პროკურატურა და სახალხო დამცველი ერთმანეთს უტოლდება.

„არ ვფიქრობ, რომ პროკურატურა არის იდეალური, მაგრამ იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც დამხვდა, მე შევძელი, რომ პროკურატურა დღეს არ არის უკანასკნელ რიგებში ნდობის ხარისხის მიხედვით. ჩემთვის საამაყოა, რომ პროკურატურა და სახალხო დამცველი რეიტინგების მიხედვით ერთმანეთს უტოლდება და ეს კიდევ დიდი გამოწვევაა პროკურატურისთვის“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი თემები