“არავის ვუსურვებ იმ პირობებში ყოფნას, რაშიც იულია იმყოფებოდა. ადამიანს ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება, ძალიან მალე ღიზიანდება, უადგილოდ იცინის, ანუ, შერყეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული, იულია სოსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, სუსლიაკი ბაქოში, რამდენიმე დღით დასასვენელბლად გაუშვეს.
“იულიას მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაესვენა 2-3 დღე მაინც. რადგანაც მას საქართველოში შემწუხებელი ბევრი ეყოლებოდა, ბაქოში ჩაფრინდა მისი ახლობელი, რომელთანაც ისვენებდა. ამის შემდეგ, გუშინ იულიას უნდა გადმოელახა საზღვარი. შევუძინეთ ბილეთი ბაქო-თბილისის რეისზე, მეხუთე ვაგონში. უნდა დავხვედროდით დილის 10:00 სთ-ზე, მაგრამ გარდაბნის საკონტროლო პუნქტთან ქართველმა სამართალდამცველებმა სთხოვეს მატარებლიდან ჩამოსვლა. შემდეგ, სუსლიაკს დადგენილება გამოუწერეს რომლის თანახმადაც, თურმე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას არ ჰქონდა მოწესრიგებული დოკუმენტები, სადაზღვევო პოლისი. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არანაირი სადაზღვევო პოლისი არ სჭირდებათ. ეს არის ნებაყოფლობითი”, – განაცხადა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში”.
იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში ათ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე კი გუშინ უთხრეს უარი.