პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

თითოეული მათგანის საკითხს პარლამენტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია, ხოლო დადებითი პასუხი, სხვადასხვა შემთხვევაში, 80-დან 83 დეპუტატამდე დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა 49 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

მსგავსი თემები