იულია სუსლიაკის დაკავება უკრაინის აეროპორტში იგეგმებოდა 

იულია სუსლიაკის ქართველი ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, სუსლიაკის უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში, მას აეროპორტშივე დააკავებდნენ. ადვოკატის მტკიცებით, სუსლიაკის სწორედ ამიტომ არ ჩავიდა უკრაინაში, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. 

როგორც ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იულია სუსლიაკის საქმე, უკრაინაში არც გაგზავნილა. 

„უკრაინაში, ქართველ სამართალდამცველებს, დალაგებული აქვთ უკრაინულ მხარესთან ურთიერთობები, იმისთვის რომ ეს სიბინძურეები რამენაირად გაამართლონ. ამ სპექტაკლს იქ ჩაატარებდნენ. ქართველი სამართალდამცველების თხოვნას ისინი შესანიშნავად შეასრულებდნენ, ჩაატარებდნენ ამ სპექტაკლს, დააკავებდნენ იულია სუსლიაკს, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ, მაგრამ, იტყოდნენ, რომ ამ საქმეს ჩვენ ვიძიებთ და საქართველოში არავითარი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი პროკურორების მხრიდან-ო. ეს არის ჩანაფიქრი, მაგრამ ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში”.

ზურაბ თოდუამ განმარტა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, იულია სუსლიაკი აზერბაიჯანში დასასვენებლად იყო წასული. 

შეგახსენებთ, რომ  იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები