დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი განახლდება. დღევანდელ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაა დაგეგმილი, რომელიც პროცესს დისტანციურად დაესწრება და სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. ივანიშვილი ბრალდების მხარის მოწმეს წარმოადგენს და პროკურატურის თანახმად, ის საქმეში დაზარალებულია.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. როგორც მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, სხდომის ნაწილობრივ დახურვის არგუმენტი კომერციული საიდუმლოების დაცვაა. ამასთან, დაკითხვის დროს, საუბარი შეიძლება შეეხოს ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობებს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.
აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.