პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. აღნიშნული საკითხი ხვალ, 5 თებერვალს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე გადის, რომელიც საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას წარუდგენს.
დღის წესრიგში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” წევრებისთვის – ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა “ქართულ ოცნებას” შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.