12 უკრაინელი ბავშვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ სახლებში დააბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„მათ შორის არიან ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს გაუსაძლისი განსაცდელი: 16 წლის გოგონა, რომელმაც დედა დაკარგა საოკუპაციო რეჟიმის მედიცინის დაუდევრობის გამო, 17 წლის მოზარდი, რომელიც რუსეთის ჯარში გამოიძახეს, ბავშვები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რუსიფიკაციის მცდელობებს „საგანმანათლებლო ბანაკებში“, ასევე 8 წლის გოგონა, რომლის წართმევა მამისთვის იმის გამო სცადეს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი თქვა“, – წერს ერმაკი.
უკრაინული ონლაინ პლატფორმა Bring Kids Back UA-ის არხებზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკანონოდ 19 546 ბავშვი გაიყვანეს. აქედან სახლებში, ჯერჯერობით, 1 037 ბავში დააბრუნეს.