ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და თურქეთის სამი კლინიკა დაემატა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას ,,მედიკანას საერთაშორისო კლინიკა”, ,,ემსი ჰოსპიტალი” და ,,მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი” დაემატა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

უწყების ცნობით, ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა. საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს.

მსგავსი თემები