“სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში”- შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თითოეულ ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

“სამართალდამცველები უზრუნველყოფენ, რომ შეკრებამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილ ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას. აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები
წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

 

მსგავსი თემები