საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტს აიღებს გრანდ სლემის ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრზე მედლებისთვის 14 ქართველი ძიუდოისტი (12 კაცი და 2 ქალი) იბრძოლებს. პირველ დღეს ექვსი ქართველი – ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებს.
ჯაბა პაპინაშვილი პირველივე წრეში იაპონელ კენტა სეკიმოტოს შეხვდება, ვაჟა მარგველაშვილი მეორე რაუნდში რომარიკ ვენდ-იამ ბუდასა (საფრანგეთი) და აიზია რამირესს (აშშ) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, თემურ ნოზაძე კი – გვინეა-ბისაუელ ეუკილდეს ჟოაო ლოპესს.
ორი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც. ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადეს შეხვდება, მიხეილ ბახბახაშვილი კი ესპანელი ხორხე კანო გარსიას დაუპირისპირდება.
ეთერ ლიპარტელიანის პირველი მეტოქე ამერიკელი ანგელიკა დელგადო იქნება.